Statia.ge View RSS

No description
Hide details



5 ნაბიჯი CHATGPT-ის ეფექტურად გამოსაყენებლად 11 Apr 2023 9:09 AM (last year)

ChatGPT არის ხელოვნური ინტელექტის მქონე ახალი ჩეთბოტი, რომელიც მარტივად რომ ვთქვათ, ნებისმიერ კითხვაზე პასუხის მისაღებად შეიქმნა. ადამიანები ჩეთბოტს კითხვებს უსვამენ, ესაუბრებიან და ცდილობენ მისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ მათთვის საჭირო და საინტერესო საკითხებზე. იგი შემუშავებულია OpenAI-ის მიერ და ამოქმედდა 2022 წლის ნოემბერში, თუმცა პოპულარობა სულ ცოტა ხნის წინ მოიპოვა. ის აგებულია OpenAI-ის GPT-3 ოჯახის დიდი ენების მოდელების ბაზაზე და დაზუსტებულია როგორც ზედამხედველობის, ისე გაძლიერებული სწავლის ტექნიკის გამოყენებით.

#სტეპის ბლოგში გიზიარებთ 5 გზას, რისთვისაც ადამიანები ChatGPT -ის ჩეთბოტს იყენებენ და თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებას კიდევ უფრო იმარტივებენ.


SEO – საკვანძო სიტყვათა სტრატეგია

 

ChatGPT-ის ჩეთბოტს შეუძლია მნიშვნელოვნდ გააუმჯობესოს SEO ოპტიმიზაციის წყაროები თქვენი ვებსაიტისთვის. დღეს ადამიანთა უმრავლესობა მას იყენებს ელექტორნული კომერციის ვებსაიტების გენერირებისთვის. მაგალითად როგორიცაა ონლაინ პროდუქტების აღწერები, ბლოგები, სტატიები და სხვადასხვა ელ. ტექსტები.

 

ინსპირაცია – ახალი იდეების გენერირება

ინსპირაცია ნებისმიერ სფეროში მუშაობის დროს მნიშვნელოვანია. თუ თქვენ გჭირდებათ ინსპირაცია ახალი კამპანიის დასაგეგმად, კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებასა თუ უბრალოდ მარკეტინგული ტექსტების შექმნისთვის შეგიძლიათ ჰკითხოთ ChatGPT-ის ჩეტბოტს. ჩეთბოტის მიერ მიღებული ინფორმაცია დაგეხმარებათ ახალი იდეების გენერირებასა და გზის გაკვლევაში.

 

მათემატიკური ამოცანები – რთული გადაწყვეტილებები

ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სისწრაფეა. მაშინ როდესაც მუშაობთ პროექტზე, რომელიც მათემატიკური ამოცანებისა და ალგორითმების ამოხსნას მოითხოვს ჩეთბოტის დახმარებით პროცესების გადაწყვეტა კიდევ უფრო მარტივია. ChatGPT განსაკუთრებით ძლიერია მათემატიკის მართვაში. საუკეთესო შედეგის მისაღწევად თქვენ უნდა წარმოადგინოთ თქვენი პრობლემები ნათლად და მოკლედ. ჰკითხეთ ჩეთბოტს და მოისმინეთ ამოცანის ამოხსნის რამდენიმე ვარიაცია.

 

ორიგინალური ხუმრობები – იუმორი, რომელიც ყველას მოსწონს

რა არის ცხოვრება ცოტა გართობის გარეშე? მიუხედავად იმისა, ეძებთ კარგ იუმორისტულ კონტენტს თუ ქმნით მხიარულ ხუმრობას ChatGPT მაინც გამოგადგებათ. რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტის ჩეთბოტები არ არიან ცნობილი, როგორც შესანიშნავი კომიკოსები, მაგრამ ChatGPT აჩვენებს გარკვეულ პოტენციალს. იგი საშუალებას გაძლევთ დასვათ კითხვები Apple-ის და დასაკეცი სმარტფონების შესახებ, ჰკითხოთ ნებისმიერი იუმორისტული რამ, რაც ტექნოლოგიების სფეროში სახალისო კონტენტის შექნისთვის გჭირდებათ. ჩეთბოტი ორიგინალურ და მასობრივ კომედიურ ხუმრობებს შემოგთავაზებთ.

 

რეზიუმე/სამოტივაციო წერილი – კარიერული წინსვლისთვის

თუ ამჟამად სამუშაოს ეძებთ, სამუშაოზე განაცხადის პროცესის ერთ-ერთი ყველაზე დამღლელი ნაწილია პერსონალური რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის დაწერაა. ცნობილია, რომ ნებისმიერი სამუშაოსთვის შექმნილი რეზიუმეს მხოლოდ ერთი უნიკალური ასლი არ გამოდგება. ამიტომ ChatGPT არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გზა რეზიუმეს ონლაინ გასაკეთებლად, თანაც ინდივიდუალური, განსხვავებული ვაკანსიისთვის, იმდენჯერ რამდენჯერაც ეს დაგჭირდებათ. ჩეთბოტი დაგეხმარებათ მოკლე დროში შექმნათ უნიკალური, სხვადასხვა რეზიუმე, რომელიც კონკრეტულად ერთი ვაკანსიისთვის დაიწერა, რაც რეზიუმესადმი ყურადღების მიპყრობის შანსებს კიდევ უფრო ზრდის.

Add post to Blinklist Add post to Blogmarks Add post to del.icio.us Digg this! Add post to My Web 2.0 Add post to Newsvine Add post to Reddit Add post to Simpy Who's linking to this post?

როგორია მოქალაქეობის აღების წესები და პროცედურები ევროპის ქვეყნებში? 3 Apr 2023 12:49 PM (last year)

ევროკავშირის ნებისმიერი წევრი სახელმწიფოს მოქალაქე იმთავითვე ითვლება ევროპული გაერთიანების მოქალაქედაც, რაც მთელი რიგი უპირატესობების ქონას გულისხმობს: ევროკავშირის მოქალაქეებს აქვთ მუშაობის, სწავლისა და ცხოვრების უფლება გაერთიანების წევრ ნებისმიერ სახელმწიფოში; ისინი სარგებლობენ მსოფლიოში საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევისა და სხვა სოციალური დახმარებების პროგრამებით. ამასთან, ევროკავშირის მოქალაქეები მონაწილეობას იღებენ ევროპარლამენტის არჩევნებში.

მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ ქვეყნებს მოქალაქეობის მიღების განსხვავებული მოთხოვნები აქვთ, ხშირ შემთხვევაში 5-დან 10 წლამდე დროის პერიოდი სჭირდება ყველას, ვისაც არ ჰყავს ნათესავი ან წინაპარი კონკრეტული სახელმწიფოდან ანდაც არ აკეთებს რაიმე ინვესტიციას მოქალაქეობის მისაღებად.

გასულ კვირას გავრცელდა ნფორმაცია, რომ კვალიფიციური კადრების მოსაზიდად გერმანია საემიგრაციო სისტემის გამარტივებას აპირებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2022 წელს რეკორდულად დიდი რაოდენობის, 29 000-მა ქართველმა გააკეთა განაცხადი ევროკავშირში თავშესაფრის მისაღებად. ევროპაში ქართველ მიგრანტთა რიცხვის ზრდის ფონზე, საინტერესოა, თუ რა მოთხოვნები აქვთ სახელმწიფოებს მოქალაქეობის მისაღებად.

ქვემოთ განვიხილავთ მოქალაქეობის მიღებისათვის აუცილებელ მოთხოვნებსა და სხვადასხვა პირობებს ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოში, კერძოდ იტალიაში, საბერძნეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და პოლონეთში.

დამატებით ვისაუბრებთ შვეიცარიაზე, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის, თუმცა წარმოადგენს ევროპის მაღალგანვითარებულ სახელმწიფოს, რომელიც მოქალაქეობის მიღების ყველაზე რთულ პირობებს უწესებს მსურველებს.

იტალია

იტალიის მოქალაქეობის მისაღებად უცხოელს ოთხი ვარიანტი აქვს: მან უნდა გაიაროს ნატურალიზაციის პროცესი, დაბადებული იყოს იტალიაში, დაქორწინებული იყოს იტალიის მოქალაქეზე ან ჰყავდეს იტალიელი წინაპრები. აღსანიშნავია, რომ სხვა უმეტესი ქვეყნების შემთხვევაშიც, სწორედ აღნიშნული პირობები მოქმედებს, თუმცა ზოგჯერ არსებობს დამატებითი მოთხოვნებიც.

უცხოელს იტალიის მოქალაქეობის მიღება ნატურალიზაციის პროცესის გავლით შეუძლია. ბინადრობის ნებართვის (Residence permit) აღების შემდეგ პირმა იტალიაში 10 წელი უნდა გაატაროს. ამ დროის განმავლობაში იგი მუდმივად უნდა ცხოვრობდეს იტალიაში, ჰქონდეს ოფიციალური შემოსავალი და იხდიდეს გადასახადებს. ამასთან, განაცხადის შეტანამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში აპლიკანტმა 10 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იტალიის ტერიტორია არ უნდა დატოვოს. აუცილებელია ენის ტესტის ჩაბაებაც: იტალიის მოქალაქეობის მსურველმა ენა მინიმუმ B1 დონეზე უნდა იცოდეს, რის დასადასტურებლად შესაბამისი სერტიფიკატი უნდა წარადგინოს.

თუკი მოქალაქეობის მიღების მსურველს მშობლები ან მაქსიმუმ 3 თაობის წინაპრები იტალიის მოქალაქეები ჰყავდა, ამ შემთხვევაში პროცესი მარტივდება და იგი მხოლოდ 3 წელს მოიცავს მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ბინადრობის ნებართვა ექნება ადამიანს.

იტალიის მოქალაქეზე დაქორწინების შემთხვევაში 1-დან 3 წლამდე პერიოდში შეუძლია ადამიანს მოქალაქეობის აღება. ამ შემთხვევაში, პროცედურის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ სად იქნება მისი მუდმივი საცხოვრებელი და ეყოლება თუ არა შვილი. B1 დონეზე ენის ცოდნა ამ შემთხვევაშიც სავალდებულოა.

საბერძნეთი

მსგავსად ბევრი სხვა ქვეყნისა, ნატურალიზაცია, ქორწინება და წინაპრების ყოლა საბერძნეთის მოქალაქეობის მოსაპოვებელი ერთ-ერთი მთავარი გზებია; ამასთან, საინტერესოა, რომ ქვეყანა სამხედრო სამსახურს ასევე განიხილავს, როგორც მოქალაქეობის მინიჭების საფუძველს. ამასთან, ბერძნული წარმოშობის საკითხი საყურადღებო დეტალია, ვინაიდან საბერძნეთი მოქალაქეობის ასაღებად აუცილებელი ბინადრობის ნებართვას უცხოელი ინვესტორების გარდა, გასცემს მხოლოდ ბერძნული წარმოშობის მქონე ადამიანებზე, ანუ არა მოქალაქეობით, თუმცა ეთნიკურად ბერძნებზე.

ნატურალიზაციის შემთხვევაში, პიროვნებას აუცილებელია, საწყის ეტაპზე ჰქონდეს ბინადრობის ნებართვა, რომელიც 5 წლის ვადით გაიცემა. ვადის ამოწურვის შემდეგ შესაძლებელია ჯერ მისი გახანგრძლივება და მუდმივი ბინადრობის ნებართვის აღება და მხოლოდ შემდეგ – მოქალაქეობის მიღებაზე განცხადების გაკეთება. ბინადრობის უფლებით საბერძნეთში მინიმუმ 7 წელი ცხოვრებაა საჭიროა, რომ პიროვნებამ ბერძნულ პასპორტზე განაცხადი გააკეთოს. აღნიშნული დრო შესაძლებელია შემცირდეს, თუ აპლიკანტი საბერძნეთის მოქალაქეზეა დაქორწინებული და მეუღლესთან ჰყავს საერთო ბავშვი, ან თუკი მოქალაქეობის მსურველს ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, რომელიც საბერძნეთის მოქალაქეა, ანდაც თუკი აპლიკანტი ლტოლვილია.

საბერძნეთის მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ მათ, ვისაც ერთი მშობელი ან რომელიმე წინაპარი, რომელსაც მუდმივი ბინადრობის უფლება ჰქონდა, მაინც ჰყავდათ ბერძენი. ბერძნული წარმოავლობა მოქალაქეობისთვის უმნიშვნელოვანესი დეტალია, ვინაიდან ნატურალიზაციის შემთხვევაშიც კი, ბინადრობის უფლება მხოლოდ მასზე გაიცემა, ვისაც ან ბერძნული წარმომავლობა აქვს, ან ვინც Greek Golden Visa Program-ში მოხვდა, რისთვისაც საბერძნეთი უცხოელებს ქვეყანაში ინვესტიციების გაკეთებას ავალდებულებს.

ბერძენზე ქორწინების შემთხვევაში განაცხადის გაკეთება 3 წელში, ხოლო მოქალაქეობის მიღება – 5 წელიწადში უკვე შესაძლებელია.

საინტერესოა სამხედრო სამსახურიც. თუკი პიროვნება უბრალოდ მოხალისის სტატუსით, ან ოფიციალურად გაწევრიანდება საბერძნეთის სამხედრო ძალებში ან სამხედრო აკადემიაში, მოქალაქეობა მას ავტომატურად მიენიჭება. ამ შემთხვევაშიც აუცილებელია, მოქალაქეობის მსურველი იყოს ეთნიკურად ბერძნული წარმოშობის.

გერმანია

გერმანიაში ამჟამად მოქალაქეობის აღების გამარტივება განიხილება; თუმცა ჯერ-ჯერობით უცვლელი რჩება ის მოთხოვნები, რომლებიც ქვეყანას მოქალაქეობის მსურველთათვის აქვს: ნატურალიზაციისათვის უცხოელი გერმანიაში ბინადრობის ნებართვით მინიმუმ 8 წელი უნდა ცხოვრობდეს. მხოლოდ ამ დროის გასვლისა და შესაბამისი საინტეგრაციო კურსის წარმატებით ჩაბარების შემდეგ შეიძლება მოქალაქეობის აღებაზე აპლიკაციის გაკეთება. საინტეგრაციო კურსი მოიცავს გერმანული ენის, ისტორიის, სამართლისა და სახელმწიფო სისტემის ცოდნას.

გერმანელი მოქალაქის მეუღლეებთან დაკავშირებით მოქმედებს იგივე წესები; თუმცა ამ შემთხვევაში 3 წლამდეა შემცირებულია დროის პერიოდი, რომლის შემდეგაც უკვე შეიძლება მოქალაქეობის მიღებისათვის განაცხადის გაკეთება.

გერმანული კანონები განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება დამნაშავეების, ექსტრემისტებისა და ტერორისტების საკითხს. მოქალაქეობის აღების შემთხვევაში, 16 წელს გადაცილებულმა ნებისმიერმა პირმა უნდა გამოხატოს თავისუფალი და დემოკრატიული პრინციპებისადმი სავალდებულო ერთგულება. მოქალაქეობის მიღებამდე ყველა აპლიკანტი პოლიციის სამსახურის რეგულარულ შემოწმებებს გადის.

საფრანგეთი

ფრანგული პასპორტიც საკმაოდ მძლავრი დოკუმენტია, რომლის ფლობის შემთხვევაშიც პიროვნებას მსოფლიოს 188 ქვეყანაში სრულიად თავისუფლად შეუძლია მოგზაურობა.

საფრანგეთის მოქალაქეობის აღება უცხოელს ოთხი გზით შეუძლია: ნატურალიზაცია, ფრანგზე ქორწინება და ფრანგი წინაპრების ანდაც ფრანგი მშობლების ყოლა (მათ შორის შვილად აყვანაც).

ნატურალიზაციის გზით საფრანგეთის მოქალაქეობის აღების შემთხვევაში პიროვნებას უკვე უნდა ჰქონდეს ქვეყანაში ბინადრობის უფლება. ამის შემდეგ ფრანგული ენის ცოდნის, შემოსავლის ქონის, გადასახადების სტაბილურად გადახდისა და კანონის დაურღვევლად შესრულების შემთხვევაში, მსურველს შეუძლია 5 წელიწადში გახდეს საფრანგეთის მოქალაქე. თავდაპირველად აუცილებელია ბინადრობის ნებართვის ქონა, რომელიც, როგორც წესი, 1-დან 10 წლამდე ვადით გაიცემა. აღნიშნული ნებართვა ავტომატურად ნიშნავს, რომ პიროვნებას შემოსავალი აქვს და გადასახადების გადამხდელია. ამასთან, სავალდებულოა ფრანგული ენის მინიმუმ B1 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მოპოვება. 60 წელს გადაცილებული პირები თავისუფლდებიან ტესტის ჩაბარების ვალდებულებისაგან, თუმცა მათ შესაბამის ინტერვიუზე მაინც უნდა წარმოაჩინონ, რომ ენას B1 დონეზე ფლობენ. გარდა ენისა, აუცილებელია საფრანგეთის ისტორიის ტესტის ჩაბარებაც. იმისათვის, რომ მოქალაქეობის მიღებამდე ბინადრობის ნებართვა შეინარჩუნოს, პიროვნებამ საფრანგეთის ტერიტორია ყოველ 10 თვეში 6 თვეზე მეტი ხნით არ უნდა დატოვოს.

საფრანგეთის მოქალაქეზე ქორწინების შემთხვევაში მსურველს 4 წელი სჭირდება ფრანგული პასპორტის მისაღებად. თუკი წყვილი საფრანგეთის გარეთ ცხოვრობს, ამ შემთხვევაში, დრო 5 წლამდე იზრდება. ფრანგული ენის მინიმუმ B1 ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატისა და შემოსავლების შესახებ დოკუმენტების წარდგენა ამ შემთხვევაშიც სავალდებულოა.

საფრანგეთის მოქალაქეების შვილები ავტომატურად იღებენ მოქალაქეობას; იმ შემთხვევაში, თუკი ბავშვი საფრანგეთის ტერიტორიაზე იბადება, თუმცა მისი მშობლები არ არიან საფრანგეთის მოქალაქეები, 18 წლის მიღწევის შემდეგ მას შეუძლია მოითხოვოს საფრანგეთის მოქალაქეობაა; ამ შემთხვევაში, აუცილებელია დადასტურება, რომ იგი ქვეყანაში მინიმუმ 5 წელი ცხოვრობდა.

გარდა ტრადიციული გზებისა, განსაკუთრებულ შემთხვევებში საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების დაჩქარებაც შეიძლება: მათ შორის ერთ-ერთი საშუალებაა საფრანგეთში სწავლა; უცხოელის საფრანგეთში სწავლისათვის ბინადრობის ნებართვა უკვე გაიცემა. სწავლის წარმატებულად დამთავრებისა და საფრანგეთის სახელმწიფო პროგრამებში აქტიურად მონაწილეობის შემთხვევაში, შესაძლებელია მოქალაქეობის მიღების ვადა სტუდენტებისათვის 2 წელზე შემცირდეს.

პოლონეთი

შედარებით ნაკლებ დროს მოითხოვს პოლონეთის მოქალაქეობის მიღება. ამასთან, ქვეყანაში ცხოვრებას ბევრი ეკონომიკური სარგებელი აქვს. მათ შორისაა: სტაბილური ხელფასები, შედარებით დაბალი გადასახადები და ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებისაგან განსხვავებით, პროდუქტებზე დაბალი ფასები.

ნატურალიზაციის გზით პოლონეთი უცხოელებისაგან მუდმივი ბინადრობის ნებართვის შემდეგ ქვეყანაში 3 წლით ცხოვრებას ითხოვს; ამ დროის განმავლობაში, პირი უნდა იხდიდეს გადასახადებს და ჰქონდეს სტაბილური შემოსავალი.  თუკი ადამიანი პოლონეთის მოქალაქეზეა დაქორწინებული, ამ შემთხვევაში, მუდმივი ბინადრობის ნებართვის შემდეგ მხოლოდ 2 წელი სჭირდება მას, რათა მოქალაქეობის მიღებისათვის აპლიკაცია შეიტანოს.

იმ შემთხვევაში, თუკი ლტოლვილის სტატუსით პირი მიიღებს ბინადრობის უფლებას პოლონეთში, შემდეგ მოქალაქეობის ასაღებად მას მხოლოდ 2 წელი დასჭირდება.

არასრულწლოვანს, რომელსაც ერთი მშობელი პოლონეთის მოქალაქე ჰყავს და ფლობს მუდმივი ბინადრობის ნებართვას, უკვე შეუძლია მოითხოვოს პოლონეთის მოქალაქეობა; ხოლო პოლონელი წინაპრების ყოლის შემთხვევაში, თუკი პირს აქვს მუდმივი ბინადრობის ნებართვა, მოქალაქეობის აღება მას სულ რაღაც 1 წელიწადში შეუძლია.

ყველა შემთხვევაში აუცილებელია სტაბილური შემოსავლის ქონა და მისი შესაბამისი დოკუმენტებით დამტკიცება. ამასთან, პოლონეთი მოქალაქეობის მიღების მსურველთაგან პოლონური ენის მინიმუმ B1 დონეზე ცოდნას მოითხოვს.

ესპანეთი

ესპანეთის მოქალაქეობის აღება, უმეტეს შემთხვევაში, ინდივიდს ავალდებულებს, დათმოს თავისი წინა მოქალაქეობა. იტალიისა და საფრანგეთის მსგავსად, ესპანეთშიც რამდენიმე შესაძლო ვარიანტია, თუმცა პროცედურები – მეტად ხანგრძლივი.

ნატურალიზაციის შემთხვევაში, საწყის ეტაპზე, აუცილებელია ბინადრობის ნებართვის ქონა. სწორედ ამის შემდეგ იწყება იმ დროის ათვლა, რომელიც მოქალაქეობის აღებას სჭირდება: 10 წელი ზოგადი წესია; ლტოლვილებისათვის ესპანეთს 5 წელი აქვს დაწესებული; თუკი უცხოელი ესპანურ-ამერიკული რეგიონების რომელიმე ქვეყნიდანაა, მხოლოდ მას შეუძლია ორმაგი მოქალაქეობის შენარჩუნება, ამასთან, ესპანურის აღების უფლება 2 წელიწადში აქვს; ხოლო 1 წელი სჭირდებათ მათ, ვინც ან ესპანელზე არიან დაქორწინებულნი ან წარმოადგენენ ესპანეთში დაბადებული ესპანეთის მოქალაქეების შვილებს ანდაც შვილიშვილებს.

ესპანეთის მოქალაქეობის მიღების მსურველებმა, აუცილებელია გაიარონ ენისა (DELE A2) და კულტურის (CCSE) გამოცდა.

ამასთან, ესპანეთის მოქალაქეობის მიღებაზე აპლიკაციის შეტანის შემდეგ პასუხს შესაძლოა რამდენიმე წელიწადი დასჭირდეს. როგორც წესი, წარმატებული აპლიკანტი მოქალაქეობას აპლიკაციის შეტანიდან 1-დან 3 წლამდე პერიოდში იღებს.

შვეიცარია

შვეიცარია არ წარმოადგენს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს, თუმცა იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალგანვითარებული ქვეყანაა, რომელიც საკმაოდ რთულ პირობებს უწესებს მათ, ვისაც მოქალაქეობის მიღება სურთ.

ნებისმიერ აპლიკანტს, რომელსაც სურს მიიღოს შვეიცარიის პასპორტი, პირველ რიგში, მოეთხოვება, ჰქონდეს მუდმივი ბინადრობის  ნებართვა, რომელიც ქვეყანაში 10-წლიანი ცხოვრების შემდეგ გაიცემა. მანამდე ყველა უცხოელი ვალდებულია, ყოველწლიურად განაახლოს ხოლმე ბინადრობის ნებართვა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოქალაქეობის მსურველი დაქორწინებულია შვეიცარიის მოქალაქეზე, მას უნახევრდება პერიოდი და მოქალაქეობისათვის განაცხადის შეტანამდე 5 წელი მოეთხოვება, იცხოვროს შვეიცარიაში. ამასთან, გარდა ფორმალური დოკუმენტებისა, ნებისმიერ შემთხვევაში მოქალაქეობის მიღების მსურველმა უნდა აჩვენოს, რომ იგი შვეიცარიულ საზოგადოებაში წარმატებით ინტეგრირდა, რაც გულისხმობს კანონებისა და კონსტიტუციური ღირებულებების პატივისცემას, შვეიცარიის ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე სრულყოფილად საუბრისა და წერის უნარს, ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართულობასა (შემოსავლისა და საკუთრების  ქონა, გადასახადების გადახდა და ა.შ.) და სოციალურ სიახლოვეს ადგილობრივ საზოგადოებასთან.

ნებისმიერი აპლიკაცია დიდი ყურადღებით შეისწავლება და გადაწყვეტილება სამ – ფედერალურ, კანტონურ და კომუნების მუნიციპალურ – დონეზე მიიღება. შვეიცარიის მოქალაქეობის მსურველთა აპლიკაცია, როგორც წესი, 2-დან 3 წლამდე განიხილება.

Add post to Blinklist Add post to Blogmarks Add post to del.icio.us Digg this! Add post to My Web 2.0 Add post to Newsvine Add post to Reddit Add post to Simpy Who's linking to this post?

როგორია Google-ის ახალი ჩატბოტი Bard და რით განსხვავდება ChatGPT-ისგან? 27 Mar 2023 11:53 AM (last year)

ტექგიგანტებს შორის AI დომინირებისთვის გამართულ ბრძოლაში Google მნიშვნელოვნად მიიწევს წინ — 21 მარტს კომპანიამ თავისი ჩატბოტი Bard ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადა, როცა თებერვლიდან აქამდე მისით სარგებლობა მხოლოდ ტესტერებს შეეძლოთ. ახლახან გავიგეთ ისიც, რომ Google-მა თავის პროდუქტებში ხელოვნური ინტელექტი ჩააშენა.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც OpenAI-მა ChatGPT, თავისი რევოლუციური ჩატბოტი, გამოუშვა, ბაზარზე კი სხვა ტიპის საძიებო სისტემების საჭიროება შეიქმნა.

Google-ის ჩატბოტი Bard ჯერჯერობით მხოლოდ აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოშია ხელმისაწვდომი 18 წელს მიღწეული პირებისთვის. კომპანია წვდომის მიცემას სხვა ქვეყნებისთვისაც გეგმავს დროთა განმავლობაში. Bard-ით სარგებლობა მომხმარებლებს bard.google.com ბმულზე შეუძლიათ.

სტატიაში ჯერ Google-ის ჩატბოტს გაგაცნობთ, შემდეგ კი მასა და ChatGPT-ის შორის არსებულ განსხვავებებს მიმოვიხილავ.

რა არის და როგორ მუშაობს Bard?
Bard კომპანია Google-ის მიერ ახლახან შექმნილი ჩატბოტია. ბლოგპოსტის მიხედვით, იგი დიდ ენობრივ მოდელს (LLM), კერძოდ LaMDA ტექნოლოგიის მსუბუქ და ოპტიმიზებულ ვარიანტს, ეფუძნება. დროთა განმავლობაში მას ახალი ვერსიებით გააუმჯობესებენ.

სხვათა შორის, LaMDA სწორედ ის მოდელია, რომელიც გასული წლის ზაფხულში Google-ის თანამშრომელს მგრძნობიარეც კი ეგონა (არ აღმოჩნდა მგრძნობიარე, ინჟინერმა კი კონფიდენციალურობის დარღვევის გამო სამსახური დაკარგა), იმდენად ჰგავდა სისტემის გამოყენება ადამიანთან ინტერაქციას.

Google-ის ჩვეულებრივი საძიებო სისტემისგან განსხვავებით, Bard-ის ღირსებაც ზუსტად ისაა, რომ კითხვის დასმის შემდეგ პირდაპირ პასუხებს გვაძლევს, სხვადასხვა ბმულის ნაცვლად. შესაბამისად, მისით ინფორმაციის მოძიებას (ადამიანურად მოსაუბრე) ჩატბოტთან საუბრის ფორმა აქვს.

საძიებო სისტემას Bard-ით მარტივად დაუკავშირდებით — მას “Google it” (“დაგუგლე”) ღილაკი აქვს, რომლითაც Google-ის Search ფუნქციაზე გადახვალთ. იგი ახალ ფანჯარაში გაიხსნება, ინფორმაციის/წყაროების გადამოწმებასა და მეტად რელევანტური პასუხების მოძიებას კი თავადვე შეძლებთ.

მოსახერხებელია ისიც, რომ Bard ჩვენი თითოეული მითითების საპასუხოდ რამდენიმე ესკიზს აგენერირებს და სხვადასხვა ვერსიის ხილვის საშუალებას გვაძლევს.

ფოტო: Google

Bard დიდ ენობრივ მოდელზე მუშაობს, ანუ ინფორმაციას რეალური სამყაროდან “დაისწავლის”, რომელშიც არასწორი ინფორმაცია არც თუ ისე იშვიათად გვხვდება. შესაბამისად, Google მკაფიოდ გვაფრთხილებს, რომ მათი ჩატბოტი ექსპერიმენტულია და სრულებით შესაძლებელია, უკუკავშირში დეზინფორმაცია ანდა სტერეოტიპული შიგთავსი გაიპაროს.

Google-ის ბლოგპოსტში Bard-ის მიერ დაშვებული შეცდომაც ვიხილეთ: მან ZZ მცენარის სამეცნიერო სახელწოდება არასწორად დააგენერირა.

ფოტო: Google

კომპანიისგან იმასაც ვიგებთ, რომ Bard შეურაცხმყოფელი შინაარსის კითხვებს არ უპასუხებს. არსებობს გარკვეული ფილტრები, რომლებიც ჩატბოტის მხრიდან მავნე, არალეგალური ან პირადი ინფორმაციის გაზიარებისგან დაგვიცავს. ცხადია, მაინც არსებობს რისკი, რომ ისინი ყოველთვის არ იმუშავებს.

ასეა თუ ისე, Google თავისი ჩატბოტის განვითარებაზე ჯერაც აქტიურად მუშაობს, ამ საქმეში კი მომხმარებელთა უკუკავშირი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. შეიძლება ითქვას, პროგრესი ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს — თებერვლის დასაწყისში Bard იმდენად უზუსტო იყო, რომ Google-ს მისთვის ვების ტელესკოპის შესახებ დასმული კითხვა $100 მილიარდი დაუჯდა.

რით განსხვავდება Bard ჩატბოტი ChatGPT-ისგან?
ჩატბოტებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება ისაა, რომ Bard-ს ხელი უახლეს ინფორმაციაზეც მიუწვდება — მაშინ, როცა ChatGPT-ის ცოდნა მხოლოდ 2021 წლის სექტემბრამდე არსებული მონაცემებით შემოიფარგლება. შესაბამისად, მას შემდეგ მომხდარი მოვლენების კუთხით Bard უფრო გამოსადეგი იქნება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ChatGPT პასუხის გენერირებისას გამოყენებლ წყაროებს არ უთითებს, თუ სპეციალურად არ ვთხოვთ. მეორე მხრივ, Bard ჩატბოტის “Google it” ფუნქციის მეშვეობით ინფორმაციის გადამოწმებასა და წყაროების მოძიებას უფრო მარტივად შევძლებთ.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, Bard ჩვენი თითოეული მითითების საპასუხოდ რამდენიმე ესკიზს აგენერირებს, ჩვენ კი შეგვიძლია, პასუხის სხვადასხვა ვერსია ვიხილოთ. ChatGPT ასე არ მუშაობს — იმავე შეკითხვაზე პასუხს მას ხელახლა დავაგენერირებინებთ, თუმცა დროის კუთხით ეს ნაკლებად მოსახერხებელია.

აღსანიშნავია ისიც, რომ Bard ამ ეტაპზე კოდებს ვერ წერს, განსხვავებით ChatGPT-ისგან, რომელსაც კოდში ხარვეზების გამოსწორებაც კი შეუძლია. გარდა ამისა, Bard-ს ჯერჯერობით წინა საუბრების დამახსოვრების ფუნქციაც არა აქვს. სავარაუდოდ, Google ამ საკითხებზე სამომავლოდ იმუშავებს.

გასათვალისწინებელია, რომ GPT-4 დიდი მულტიმოდალური მოდელია, ანუ ChatGPT-ის მასზე მომუშავე ვერსიას ფოტოების “წაკითხვაც” ისევე შეუძლია, როგორც ტექსტის. მსგავს ფუნქციებს Bard ჯერჯერობით ვერ გვთავაზობს.

დაბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, Bard ამ ეტაპზე მხოლოდ ინგლისურადაა ხელმისაწვდომი, როცა ChatGPT-ს რამდენიმე ენა ესმის (GPT-4-ის მქონე ვერსიაში მისი ეს უნარიც გაუმჯობესებულია). შესაბამისად, მათთვის, ვინც ინგლისურს არ ფლობს, ChatGPT უფრო გამოსადეგი იქნება.

ასეა თუ ისე, ჩვენი ქვეყნის კონტექსტსაც თუ გავითვალისწინებთ, ქართულ ენაზე გამართულად ჯერჯერობით არცერთი ჩატბოტი არ საუბრობს. გვყავს ChatGPT-ის ქართული ანალოგი ჟიპიტაური, თუმცა ამ ეტაპზე იგი დასახვეწია.

ნაწილობრივ ტექგიგანტებს შორის გაჩაღებული კონკურენციის დამსახურებაა, რომ დღევანდელ მსოფლიოში ახალი ტექნოლოგიური ტენდენციები ჩნდება, რომლებიც ჩვენი ყოველდღიურობის გაუმჯობესებას ემსახურება.

კომპანიების მხრიდან ახალ-ახალი ნაბიჯების მომსწრენი უკვე ყოველდღიურად ვხდებით. როგორც მომხმარებლებს, ამასობაში ისღა დაგვრჩენია, დავუცადოთ, თუ როდის გახდება ისინი ყოველი ჩვენგანისთვის ხელმისაწვდომი. მთლად უკეთესი, თუკი შევძლებთ და ქვეყანაში ტექნოლოგიური პროდუქტებისა თუ სერვისების განვითარებას რამენაირად ჩვენც შევუწყობთ ხელს —

 

Add post to Blinklist Add post to Blogmarks Add post to del.icio.us Digg this! Add post to My Web 2.0 Add post to Newsvine Add post to Reddit Add post to Simpy Who's linking to this post?

Google-მა ChatGPT-ის კონკურენტი ხელოვნური ინტელექტი Bard-ი წარმოადგინა 10 Feb 2023 10:46 AM (last year)

საუკეთესო ხელოვნური ინტელექტისთვის ბრძოლა ათწლეულებია მიმდინარეობს, მაგრამ ფართო აუდიტორიის ყურადღების ცენტრში მხოლოდ რამდენიმე თვის წინ მოექცა. საქმე ისაა, რომ გასულ კვირას, Google-მა OpenAI-სა და Microsoft-ის კოლაბორაციით შექმნილი ხელოვნური ინტელექტის, ChatGPT-ის კონკურენტი, Bard-ი წარმოადგინა, რის შესახებაც ტექნოლოგიური გიგანტის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, სუნდარ პიჩაიმ ბლოგში დაწერა.

როგორც პიჩაი წერს, Bard-ი ექსპერიმენტული სასაუბრო ხელოვნური ინტელექტია, რომელიც ადამიანების შეკითხვებს უპასუხებს და საუბრის გაბმას შეძლებს. პირველ ეტაპზე, პროგრამულ უზრუნველყოფას ნდობით აღჭურვილ ტესტერთა მცირე წრე გამოცდის, ხოლო რამდენიმე კვირაში, Google-ი Bard-ის საჯაროდ გახსნასაც ვარაუდობს. ის, თუ Google-მა რამდენად მძლავრი და ტექნიკურად გამართული ხელოვნური ინტელექტი შექმნა, ჯერჯერობით, უცნობია, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის ისეთივე მოქნილი იქნება, როგორც OpenAI-ის ChatGPT. Google-ის მიერ გავრცელებული სურათიდან ვიგებთ, Bard-ის გამოყენბა შეიძლება, როგორც წვეულებების დასაგეგმად, ასევე ოსკარზე ნომინირებული ორი ფილმის შესადარებლად და კერძის რეცეპტის შედგენა იმ პროდუქტების გამოყენებით, რაც მაცივარში გაქვთ.

სუნდარ პიჩაის შეფასებით, Google-ის ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს ცნობისმოყვარეობას აღუძრავს, რაშიც, დიდწილად, ინტერნეტი ეხმარება – ამგვარად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Bard-ი მეტად გარკვეული იქნება მცირე ხნით ადრე მომხდარ ამბებში, რადგან სწორედ ესაა ChatGPT-ის ერთ-ერთი მთავარი ნაკლი. „Bard-ი ადამიანებს შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენასა და ცნობისმოყვარეობის განვითარებაში დაგეხმარება – მისი გამოყენებით, ჯერ NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ გაკეთებულ ახალ აღმოჩენას აუხსნით ცხრა წლის ბავშვს, მერე კი გაიგებთ, ფეხბურთში საუკეთესო თავდამსხმელის ვინაობას და ვარჯიშს შეუდგებით“.

თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი: ყველაფერი ის, რასაც Google-ი აკეთებს ნამდვილად საინტერესოა, მაგრამ როგორც ჩანს, ანალიტიკოსების შეფასება გამართლდა და ChatGPT-ის გამოჩენამ ტექნოლოგიური გიგანტი რთულ დღეში ჩააგდო. მარტო ის რად ღირს, კომპანიის თანადამფუძნებელი, სერგეი ბრინმა კოდის წერა რომ განაახლა. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ChatGPT-ის ტექნოლოგიაში არაფერი იყო რევოლუციური – უბრალოდ, ის პირველი ხელოვნური ინტელექტი გახდა, რომელიც ადამიანებმა მასობრივად გაიცნეს, დედამიწის ყველა წერტილში. შესაბამისად, გაჩნდა საუბრები ChatGPT-ის სამეცნიერო კვლევებსა და სწავლების პროცესში გამოყენებაზე, ზოგი კი საერთოდ, მის აკრძალვაზე ალაპარაკდა.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ Google-ის ერთ-ერთი კონკურენტი, ბილ გეიტსის მიერ დაფუძნებული Microsoft-ი, რომელიც ChatGPT-ის შემქმნელი კომპანიის, OpenAI-ის ერთ-ერთი სტრატეგიული ინვესტორია. ამ თანამშრომლობას Microsoft-ი მისთვის სასიკეთოდ გამოიყენებს – ChatGPT-ის ინტეგრირება იგეგმება, როგორც საძიებო სისტემა Bing-ში, რისი დამადასტურებელი (ან, პირიქით) სურათები ინტერნეტში გასულ კვირას გავრცელდა, ასევე სხვა აპლიკაციებში, მათ შორის საოფისე ნაკრებში.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ყველა ChatGPT-ზე საუბრობს, Google-ის შესაძლებლობები, ამ მხრივ, არანაკლებ საინტერესო და აღმაფრთოვანებელია. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ ტრანსფორმაციული, ან თუ გნებავთ, გარდამქმნელი ტექნოლოგია, რომელსაც ChatGPT-ი იყენებს, სწორედ Google-მა შექმნა და 2017 წელს გამოქვეყნებულ სამეცნიერო კვლევაში აღწერა. ამ ტექნოლოგიას Google-იც ავითარებდა და ადამიანური ენის მოდელი შექმნა, სახელწოდებით LaMDA, რომელიც დღეს, Bard-ის საფუძვლად გვევლინება.

ზოგადად კი, ხელოვნური ინტელექტის პროექტებს Google-ი, შეიძლება ითქვას, დაფუძნების დღიდან ავითარებს, მაგრამ OpenAI-სგან განსხვავებით, Google-ის ესა თუ ის პროექტი საჯაროდ არ არის ხელმისაწვდომი. ამ მიდგომის ერთ-ერთი მთავარი მდგენელი ის გახლავთ, რომ ხშირად, სასაუბრო ხელოვნური ინტელექტის ფართომასშტაბიანი მოდელები საზოგადოებებში არსებულ სოციალურ შეთანხმებებს არ ითვალისწინებენ და შედეგად, ტოქსიკურ კონტენტს, არასწორ ინფორმაციას და სიძულვილის ენას ავრცელებენ.

თუმცა, როგორც ჩანს, Google-ი ამ პრობლემის მოგვარებასაც გეგმავს. როგორც სუნდარ პიჩაი წერს, ტექნოლოგიური გიგანტი გამოიყენებს, როგორც ტესტერთა უკუკავშირს, ასევე შიდა ტესტირების შედეგებს, რათა Bard-ი მაღალი ხარისხის ხელოვნურ ინტელექტად ჩამოყალიბდეს, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელებას ხელს არ შეუწყობს.

დასასრულს აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ Google-ი აქ არ ჩერდება და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტი, როგორც ასეთი, რომელსაც კომპანიაში ათწლეულებია, რაც ავითარებენ, Google-ის სხვადასხვა პროდუქტებში ინტეგრირდება, მათ შორის საძიებო სისტემაში. თავად ეს ტრენდი ახალი არ არის და ის ნამდვილად არ უკავშირდება ChatGPT-ის უეცარ გამოჩენას, რადგან ბოლო წლებში, სულ უფრო და უფრო ხშირად, ბმულების ამოყრის გარდა, რასაც Google-ის საძიებო სისტემა განვითარების ადრეულ ეტაპზე აკეთებდა, ის კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხების გაცემასაც ცდილობს.

„სულ მალე, საძიებო სისტემაში ხელოვნური ინტელექტის ფუნქციონალს შეხვდებით, რომელიც რთულ ინფორმაციას მარტივ მამრავლებად დაგიშლით და რამდნიმე პერსპექტივას წარმოგიდგენთ, რათა საკითხში სწრაფად გაერკვეთ და ინტერნეტის გამოყენებით უფრო მეტი ისწავლოთ“, – წერს სუნდარ პიჩაი საკუთარ ბლოში და იქვე, ახალ პროდუქტებს აანონსებს, რომელთაც მომხმარებლები უახლოეს კვირებში იხილავენ. მანამდე კი, Google-ის ხელოვნური ინტელექტისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაველოდოთ, რომელიც 8 თებერვალსაა ჩანიშნული – Bard-ის ოფიციალური პრეზენტაციაც, სავარაუდოდ, სწორედ იქ შედგება.

ავტორი:გიორგი არონია

https://bm.ge/

Add post to Blinklist Add post to Blogmarks Add post to del.icio.us Digg this! Add post to My Web 2.0 Add post to Newsvine Add post to Reddit Add post to Simpy Who's linking to this post?

შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიას შეუერთდა 9 Feb 2023 12:24 PM (last year)

შინაგან საქმეთა სამინისტრო შეუერთდა საგზაო უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით დაწყებულ მასშტაბურ ერთიან საკომუნიკაციო კამპანიას – „უკეთესი და უსაფრთხო გზები საქართველოსთვის”, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის EIB-ის მხარდაჭერით ახორციელებს.
კამპანიის სლოგანია: “არ გაიმეორო შეცდომა”. მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საგზაო წესების დაცვის აუცილებლობაზე და მოსახლეობის ინფორმირება საგზაო უსაფრთხოების მნიშვნელობის და რისკების შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტული მიმართულებაა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ აღრიცხულ იქნა სიჩქარის გადაჭარბების გამო მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული 526 პირი, ხოლო ამავე სამართალდარღვევის შედეგად დაიღუპა 57 ადამიანი.
არ გადააჭარბო სიჩქარეს!

Add post to Blinklist Add post to Blogmarks Add post to del.icio.us Digg this! Add post to My Web 2.0 Add post to Newsvine Add post to Reddit Add post to Simpy Who's linking to this post?

აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა რუსი ჰაკერების წინააღმდეგ სანქციები დააწესეს 9 Feb 2023 12:22 PM (last year)

შშ-ის ხელისუფლებამ გაერთიანებულ სამეფოსთან კოორდინაციით, სანქციები დააწესა რუსეთის შვიდ კიბერდამნაშავის წინააღმდეგ. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროსა და ბრიტანეთის მთავრობის ანგარიშებში.

სანქცირებული ჰაკერები არიან Trickbot Group-ის „კიბერკრიმინალები“. ისინი ცდილობენ თავდასხმას კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე , აშშ-ის კომპანიებზე და საერთაშორისო ფინანსურ სისტემებს იყენებენ.

სანქცირებული ჰაკერების სიაში რუსეთის 7 მოქალაქეა: ვალენტინ კარიაგინი  («Глобус»), მაქსიმ მიხაილოვი (Baguette და MaxMS76), დიმიტრი პლეშევსკი («Исильдур»), მიხაილ ისკრიტსკი (Тропа), ვიტალი კოვალევი («Бен», «Бентли»), ივან ვახრომეევი («Гриб», «ivanalert»), ვალერი სედლეცკი («Стрикс»).

აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ამ ჰაკერებმა შექმნეს Dyre და Trickbot, რომლებიც გამოიყენება ფინანსური მონაცემების მოსაპარად. მათ დაავირუსეს მილიონობით კომპიუტერი მთელს მსოფლიოში, მათ შორის, ამერიკული კომპანიების საკუთრებაში არსებული. ასევე COVID-19 პანდემიის დროს რუსი ჰაკერები თავს დაესხნენ საავადმყოფოებს შეერთებულ შტატებში.

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ Trickbot Group-ის ჰაკერები  რუსეთის სპეცსამსახურებთან არიან კავშირში.

Add post to Blinklist Add post to Blogmarks Add post to del.icio.us Digg this! Add post to My Web 2.0 Add post to Newsvine Add post to Reddit Add post to Simpy Who's linking to this post?

“ამაზონს“ შევთავაზეთ, საქართველოში თავიანთი ვებსერვისების რეგიონული მონაცემთა ცენტრის მოწყობის შესაძლებლობა განიხილოს – დავითაშვილი 21 Jan 2023 11:37 AM (2 years ago)

„მსოფლიოს უმსხვილეს ონლაინ-სავაჭრო პლატფორმა „ამაზონს“ შევთავაზეთ, რომ განიხილონ შესაძლებლობა საქართველოში „ამაზონის“ ვებსერვისების (AWS) რეგიონული მონაცემთა ცენტრის მოწყობისთვის“ – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კომპანია „ამაზონის“ ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ლევან დავითაშვილმა და მაიკლ ფუნკემ ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები დავოსში განიხილეს, სადაც საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფება.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, იმ მნიშვნელოვან საკითხებს შორის, რაზეც „ამაზონის“ ვიცე-პრეზიდენტთან ისაუბრა, არის საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებული მდგომარეობა, ციფრული ტრანსფორმაციის, ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარება, სამინისტროს პრიორიტეტები და საქართველოში ციფრული მიმართულებით არსებული საკანონმდებლო გარემო, რომელიც ევროკავშირის რეგულაციებთან მაქსიმალურად არის დაახლოებული და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდებ.

„ჩვენი შეთავაზებაა, რომ „ამაზონმა“ საქართველო განიხილოს როგორც მონაცემთა გაცვლის ერთ-ერთი ჰაბი და შეისწავლოს საქართველოში დატა-ცენტრის შექმნის შესაძლებლობა. ასევე ვისაუბრეთ თანამშრომლობის სხვა მიმართულებებზე, მათ შორის ციფრულ ტრანსფორმაციაში „ამაზონის“ დახმარებაზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ, კადრების მომზადებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე განცხადებით, საქართველოში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) კომპანიებისთვის არსებობს მიმზიდველი ბიზნესგარემო, საგადასახადო სისტემა, ხელსაყრელი სავაჭრო რეჟიმები, თავისუფალი ინდუსტრიული ზონები და იაფი ელექტროენერგია, რაც კარგად განვითარებულ საერთაშორისო ფართოზოლოვან და შიდა ინტერნეტკავშირებთან ერთად მნიშვნელოვანია და საქართველოს მიმზიდველ ადგილად აქცევს ტექნოლოგიური გიგანტების მონაცემთა გაცვლის ცენტრების შესაქმნელად.

Add post to Blinklist Add post to Blogmarks Add post to del.icio.us Digg this! Add post to My Web 2.0 Add post to Newsvine Add post to Reddit Add post to Simpy Who's linking to this post?

ChatGPT და ხელოვნური ინტელექტი – BTU ახალი პროექტების სერიას აანონსებს 21 Jan 2023 9:51 AM (2 years ago)

კვლევითი პროექტები, პანელური დისკუსიები, ჰაკათონები, ექსპერიმენტები და სტუდენტური კონკურსები, ახალი ციფრული პროდუქტების შექმნა და სხვა აქტივობები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული რევოლუციური პლატფორმის გარშემო იგეგმება.

იზრდება დისკუსია ახალი პროდუქტის, ChatGPT-ს გარშემო, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიური კვლევითი ორგანიზაციის, OpenAI-ს მიერ 2022 წელს შეიქმნა. მოდელი, რომელთან კომუნიკაციით დამუშავებული მეგამონაცემები, დროის უმცირეს მონაკვეთში მიეწოდება მომხმარებელს, შესაძლებლობას იძლევა სხვადასხვა სფეროს გარშემო ინფორმაციის მიღების, პროცესების დაგეგმვის, ახალი პროდუქტების შექმნის, კოდის დაწერის და სხვა ოპერაციების შესრულების, რასაც აღნიშნული დამხმარე ინსტრუმენტის გარეშე გაცილებით დიდი დრო და რესურსი დასჭირდებოდა. შესაძლებლობები და გამოწვევები ახალი ტექნოლოგიური ინსტრუმენტის გარშემო მრავალია. ერთი მხრივ, კვლევის საგანია ChatGPT-ს მიერ დამუშავებული ინფორმაციის სიზუსტე, აკურატულობა, ეთიკური საკითხები და სხვა. მეორე მხრივ, სტარტაპებისთვის, მრავალი მცირე თუ საშუალო კომპანისთვის, რომელსაც მწირი რესურსის ფონზე მრავალი ამოცანის შესრულება უწევს, აღნიშნული დამხმარე ინსტრუმენტი შესაძლოა გახდეს დროითი და სხვა დანახარჯების შემცირების, ინოვაციური პროდუქტების შექმნის, პროცესების გაუმჯობესების ინსტრუმენტი.

უნივერსიტეტში, აღნიშნული პროექტების სერია ხელოვნური ინტელექტის ლაბის მიერ იქნება ორგანიზებული და მისი მიზანია პროდუქტის კვლევა და ანალიზი, იმ შესაძლებლობებისა და რისკების თუ გამოწვევების დემონსტრირება, რომელიც OpenAI-ს მიერ შექმნილი პლატფორმის მასიურ გამოყენებას შეიძლება თან ახლდეს.

ცნობილია ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილი რამდენიმე ღონისძიების შესახებ ინფორმაცია:

ზემოთხსენებული პროექტების გარდა, სხვადასხვა ინოვაციურ პროდუქტებს, უნივერსიტეტი ეტაპობრივად წარადგენს.

Add post to Blinklist Add post to Blogmarks Add post to del.icio.us Digg this! Add post to My Web 2.0 Add post to Newsvine Add post to Reddit Add post to Simpy Who's linking to this post?

“ღვინის ზღვა” – შავი ზღვის რეგიონში ღვინის ტურიზმის პოპულარიზაციის ახალი შესაძლებლობები 16 Dec 2022 11:54 PM (2 years ago)

Seaofwine.travel ახალი ვებ პლატფორმა და მობილური აპლიკაცია, შავი ზღვის აუზის პირველი ღვინის მარშრუტი, ექვსი ახალი თემატური მარშრუტი ქვეყნის დონეზე და ღვინის ტურიზმის სფეროს პროფესიონალების გადამზადება – ეს და სხვა მრავალი აქტივობა გააერთიანა ფონდი – საქართველოს აგრობიზნესის განვითარების ცენტრისა და პარტნიორი ორგანიზაციების პროექტმა SeaOfWine, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა საქართველოში, უკრაინაში, საბერძნეთსა და სომხეთში.

შავი ზღვის ღვინის მარშრუტი აერთიანებს მეღვინეობებსა და ჰორეკა ბიზნესებს, საბერძნეთიდან, უკრაინის და საქართველოს გავლით, სომხეთამდე, რაც არის უნიკალური შესაძლებლობა როგორც  მეღვინეობებისთვის, აგრეთვე ღვინის მოყვარულებისთვის.

ქვეყნის დონეზე შეიქმნა ექვსი ახალი თემატური ღვინის მარშრუტი, რომლებიც აერთიანებს 25 დიდ და მცირე მეღვინეობას, უნიკალურ ქართულ ღვინოებს, საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას, ენდემურ ყურძნის ჯიშებს, ქართულ კულინარიას, კულტურულ ღონისძიებებს და ღვინის ტურიზმის სფეროს ექსკლუზიურ სერვისებს.

შავი ზღვის რეგიონის, როგორც ღვინის ტურიზმის ახალი მიმართულების პოპულარიზაცია, ინტერსექტორალური პარტნიორობის გამყარება და ღვინის ტურიზმის სფეროს პროფესიონალების გადამზადება, მომსახურების ხარისხის გაზრდა და სრვისების დახვეწის ხელშეწყობა, იყო პროექტის SeaOfWine მთავარი მიზანი. ამასთან პროექტში ჩართული ორგანიზაციები აქტიურად თანამშრომლობდნენ ოთხი მონაწილე ქვეყნის ღვინისა და ტურიზმის სექტორში მოღვაწე ბიზნესებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, მათი პროდუქციისა და მომსახურების წარდგენისა და პოპულარიზაციისთვის საერთო მიდგომების შემუშავებაში.

პროექტი განხორციელდა 2020-2022 წლებში პარტნიორი ქვეყნების შემდეგი წარმომადგენლების მიერ: ფონდი ICARE – სომხეთი, საქართველოს აგრობიზნესის განვითარების ცენტრი, სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი და ოდესის კვების ტექნოლოგიების ეროვნული აკადემია, „ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის“ (European Neighbourhood Instrument) მიერ დაფინანსებული შავი ზღვის აუზის 2014-2020-ის ერთობლივი სამოქმედო პროგრამის ფარგლებში, ერთობლივ ტექნიკურ სამდივნოსთან (Joint Technical Secretariat) მჭიდრო თანამშრომლობით.

Add post to Blinklist Add post to Blogmarks Add post to del.icio.us Digg this! Add post to My Web 2.0 Add post to Newsvine Add post to Reddit Add post to Simpy Who's linking to this post?